თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების პროექტს იწყებს
თბილისის მერია საზაფხულო სკოლების, ბანაკებისა და სალაშქრო ტურების განხორციელებას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, პროექტის მიზანია, ახალგაზრდობას მიეცეს შესაძლებლობა, ზაფხულის პერიოდი საინტერესოდ გაატარონ.
„მათ ვთავაზობთ ჩაერთონ საზაფხულო ბანაკებში, რომელიც იგეგმება ინჟინერიის, ტექნოლოგიების, მეწარმეობის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებებით. ასევე, მოეწყობა სალაშქრო ტურები თბილისის გარშემო არსებულ მარშრუტებზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი რეგისტრაცია უნდა გაიარონ. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე – youth.municipal.gov.ge. ბანაკების აქტივობები 20 ივლისიდან იწყება, ხოლო ლაშქრობები – 25 ივლისიდან.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტებია და დარწმუნებული ვარ, ბევრი მონაწილე წლების შემდეგ, ძალიან თბილად გაიხსენებს ბანაკებში თუ ლაშქრობებში გატარებულ დღეებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.