უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„მინდა, შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ეს არის ეკოლოგია, რომელზეც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, რადგან არავის არ გვსიამოვნებს ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ხდება დედაქალაქში. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ არის საკმაოდ მასშტაბური პრობლემა, სჭირდება კომპლექსური მიდგომები და ის ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ჩვენ ვაპირებთ და უკვე გადავდგით ამ მიმართულებით, იქნება მნიშვნელოვანი. ეს არის მცირე და საშუალო სკვერების მოწესრიგება, რომელზეც უკვე გამგეობები მუშაობთ და ახორციელებთ პროექტებს. ასევე, მნიშვნელოვანია არსებული საქალაქო პარკები, რომელიც გაგვაჩნია. მათი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, რადგან მათი მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო“, – აღნიშნა კალაძემ.
მისივე თემით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ავტოფარეხების დემონტაჟის პროექტიც შეუწყობს ხელს.
„რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ნამდვილად დაეხმარება პროექტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ და ნამდვილად კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ეს არის ავტოფარეხები, რომლებიც მართლაც სიმახინჯეა უბნებში. მათი დემონტაჟი და მათ ადგილზე პატარა სკვერების, მწვანე სივრცეების ან სპორტული მოედნების გაკეთება, როგორც ამას მოსახლეობა გადაწყვეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები ვერ შეცვლის რეალურ მდგომარეობას და ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვებია აუცილებელი.
„მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემა არის ასევე ე.წ მარშრუტკები და მისი გამონაბოლქვი და ზოგადად, ძველი ავტომობილები. ანუ ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული“, – დასძინა თბილისის მერმა.