თბილისის მერია საპატიო თბილისელებს წელსაც დააჯილდოებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენა 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართება. „მოგეხსენებათ, რომ პანდემიის გამო, „თბილისობა“ სატელევიზიო ფორმატში, მუსიკალური წარმოდგენით და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსისა და სოლო შემსრულებლის, ორი ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100- მდე წევრის მონაწილეობით. ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, უარი ვთქვით „თბილისობის“ მუსიკალურ ნაწილზე და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება“, – განაცხადა კახა კალაძემ.