თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, წუთითაც არ შეჩერებულა.

„თბილისის მერიას ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მასთან უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება, რაც დაახლოებით, ორ კილომეტრს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია. მოუწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, დაზიანებულია გზაზე არსებული ასფალტობეტონის საფარი.

„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის შესახებ, თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ შეხვედრას გამართავს. ასევე, მოეწყობა ახალი ბორდიური და ტროტუარები. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი LED-განათების სისტემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლები (ე.წ. ბასლეინები) და ველობილიკი. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ექვს თვეში დასრულდება.

პროექტის გასახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 670 999 ლარი დაიხარჯება. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას კომპანია „ენ სი სი“ განახორციელებს.