თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით წელს საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი.
კალაძის თქმით, 2020 წელი ინფრასტრუქტული პროექტების თვალსაზრისით დედაქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება.
კალაძის განცხადებით, მერია დღეს პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. კალაძემ თავის მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დაავალა, 9 აპრილის მემორიალიც მოწესრიგდეს.
„დღეს ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს პარლამენტის წინ, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მინდა, ჩემს მოადგილეს, ქალბატონ სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც, რადგან დავიწყეთ ეს სამუშაოები. პროექტი თუ არ ვცდები, გასული წლის მაისში თუ ივნისში შევიძინეთ და დღეს უკვე სამუშაოების უშუალოდ განხორციელება დავიწყეთ. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა – დაიგება ახალი ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები წარმოებული. როცა სამუშაოებს დავამთავრებთ, ეს იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე“, – განაცხადა კახა კალაძემ.