თბილისის მერია მუშაობს ახალი გზის პროექტზე, რომელიც ბაგების დასახლებას ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს
დედაქალაქის საცობების განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია კიდევ ერთ ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს.
პროექტის დეტალების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი გზა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდიდან მძღოლებს ქავთარაძის ქუჩისკენ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.
„უნივერსიტეტის ქუჩა ერთ-ერთი დატვირთულია, განსაკუთრებით, უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ჩვენ პარალელურად ვახორციელებთ ბაგების დასახლების უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდის პროექტს. აღნიშნულ ქუჩას დამატებითი ნაკადები დაემატება, თუმცა ასევე ვამუშავებთ ახალი გზის პროექტს, ბაგების ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილს შეეძლება ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილება. გაკეთდება ახალი გზა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, აღნიშნულ ლოკაციაზე მოძრაობა განიტვირთოს, ავტომობილით მოსარგებლეს კი ექნება შესაძლებლობა, ბაგებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, წავიდეს უნივერსიტეტის ქუჩისკენ ქვემოთ, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ან ქავთარაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით იმოძრაოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.