თბილისის მერია - მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე 24-25 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, 24 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი გადაადგილებას შეძლებს გაგარინის ქ. N29ა-მდე (საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისამდე).
„რაც შეეხება 25 დეკემბერს, გაგარინის ქუჩაზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ისაკაძის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი ჩაიკეტება. მარშალ გელოვანის გამზირისა და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო გოთუასა და შარტავას ქუჩების გამოყენებით, მოძრაობა დასაშვები იქნება ჟვანიას მოედნის მიმართულებით.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ გამოიყენონ როგორც გალაკტიონის, ასევე ბარათაშვილის ხიდები, ხოლო მარშალ გელოვანის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედნიდან, გაგარინის ქუჩის გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება და ტრანსპორტის გადაადგილება დღის განმავლობაში არ შეიზღუდება“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.