თბილისის მერია მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის ტენდერს გამოაცხადებს
თბილისის მერია მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის ტენდერს გამოაცხადებს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, პროექტირების ნაწილი უკვე შესყიდულია, მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის პროექტირება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი.
“წლევანდელ წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. ეს არის მშრალი ხიდის და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, პროექტირების ნაწილი უკვე შესყიდულია. მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის პროექტირება და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი. შემდეგი პროექტი არის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. იცით, რომ მიმდინარეობს ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც წელს დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ რეაბილიტაციის პროცესში აუცილებლად პირველი კრიტერიუმი იქნება, რომ შენარჩუნდეს ძველი თბილისის იერსახე”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.