თბილისის მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ე.წ. ოფიცერთა სახლის რეაბილიტაციას გეგმავს
მიმდინარე წელს თბილისში ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შენობების რეაბილიტაციას ორი წელი დასჭირდება და სამუშაოებისთვის დაახლოებით, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„წლევანდელი წელი განსაკუთრებულია ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი. მინდა, დღეს ორ პროექტზე ვისაუბრო. ეს ეხება ორ ძეგლს, რომელიც ავარიულ და უმძიმეს მდგომარეობაშია. პირველი არის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და მეორე – კადეტთა კორპუსი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსია და უმძიმეს მდგომარეობაშია. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემთხვევაში, საინჟინრო ქსელები მოწესრიგდება, გამაგრდება საყრდენი კედელი და საძირკველი. ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე განახლდება კარ-ფანჯრები. სასახლეს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება სრულდება და კადეტთა კორპუსის შენობის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
„როდესაც წინაასარჩევნოდ კადეტთა კორპუსი დავათვალიერე მძიმე მდგომარეობა იყო და დღესაც არის. იქ ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელი და საფრთხის მატარებელია. კედლებს შორის დიდი დაცილება, უმძიმესი მდგომარეობა იყო. მოსახლეობას დავპირდით, რომ კორპუსის სრული რეაბილიტაცია განხორციელდებოდა და მოწესრიგდებოდა. ჩვენ ვასრულებთ ამ პირობას და ორივე პროექტის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.