თბილისის მერია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას ხელახლა აცხადებს და დაინტერსებულ პირს მიწის ნაკვეთს 1 ლარად საკუთრებაში გადასცემს
თბილისის მერია ქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვას ხელახლა აცხადებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა სასურველი შედეგით ვერ დასრულდა და აღნიშნულ პროექტზე დაინტერესება არ გამოხატეს. თუმცა, მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად ბაზრის კვლევის საფუძველზე შერჩეულია სამი ადგილი – სადგურის მოედნის, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიები.
„მას შემდეგ, რაც ინტერესი არ გამოიხატა ამ კონკრეტული პროექტების მიმართ, შევხვდით ბიზნესის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ დეტალურად გავაცანით პროექტი, დეტალურად ავუხსენით ამ პროექტის მნიშვნელობა და დღეს კიდევ ერთხელ, ამ პროექტთან დაკავშირებით ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პირობები იგივეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაინტერსებულ პირს/კომპანიას მიწის ნაკვეთი 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა.
„ერთ ლარად გადავცემთ მიწის ნაკვეთებს. გამოცხადებული გვქონდა, რომ 25 წლის განმავლობაში აღსრულების უფლებით გადავცემდით, თუმცა ამასაც ვცვლით და ერთ ლარად საკუთრებაში გადავცემთ დაინტერესებულ პირს, ვისაც უკვე კონკრეტული პროექტი ექნება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება“,- განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საუბარია მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე 715 ავტომობილისთვის. ინტერესთა გამოხატვა თავიდან მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.
მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა მანამდეც იყო გამოცხადებული, თუმცა პროექტის განხორციელებაზე წინადადება არავის წარუდგენია.