თბილისის მერია მიტოვებული შენობების პრობლემის მოსაგვარებლად გეგმას რამდენიმე დღეში წარადგენს
თბილისის მერია რამდენიმე დღეში წარადგენს გეგმას, რა უნდა გაკეთდეს თბილისში, მიტოვებული შენობების პრობლემის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიტოვებული შენობები, ერთი მხრივ, ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და, მეორე მხრივ, იქ არის ანტისანიტარია.
„ქალაქში გვაქვს მიტოვებული მშენებლობები. სამწუხაროდ, ყველა რაიონში არსებობს ასეთი მშენებლობები, რაც იწვევს ორ პრობლემას – ამახინჯებს ქალაქის იერსახეს და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვისაც წარმოადგენს პრობლემას – არის ანტისანიტარია, ნაგავი, ქვეწარმავლების ბუდე და ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და მისი მხრიდან არის სრული მხარდაჭერა, სრული მხარდაჭერაა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, ჩვენ წარმოვადგენთ კონკრეტულ ხედვას, გეგმას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.