დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის 40 ახალ ვაგონს შეისყიდის, რაც 10 ახალი მატარებელია მეტროს სისტემაში.
„დაფინანსებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უზრუნველყოფს და ეს ვაგონები მომდევნო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიეწოდება მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 60 მილიონი დოლარია.
„ამ ეტაპზე, ჩვენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სპეციალისტებთან ერთად ვამუშავებთ სპეციფიკაციებს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი.
მოგეხსენებათ, თბილისის მეტროში მნიშვნელოვანი პრობლემებია. ერთ-ერთი მიმართულება არის მოძველებული ინფრასტრუქტურა და მოძველებული მატარებლები, რის გამოც ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს ათეულობით მილიონი ლარი და ვახდენთ მოდერნიზებას.
თუმცა, ვინაიდან ბაზაში აღარ გვყავს ძველი მატარებლები, რომელთა მოდერნიზებაც შესაძლებელია იმ სტანდარტებით, რომლითაც დღეს ჩვენ უნდა ვემსახურებოდეთ დედაქალაქის მოსახლეობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით და „იბიარდის“ ფინანსური ხელშეწყობით, შევისყიდოთ ახალი ვაგონები.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული შესყიდვის შემდეგ, ჩვენ ეტაპობრივად კიდევ მოგვიწევს ახალი შესყიდვის დაგეგმვა, რადგან ძველი მატარებლები თანდათან გამოდის მწყობრიდან, ეწურებათ საექსპლუატაციო ვადა და საჭირო ხდება ახალი ვაგონების შემოყვანა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ახალი ვაგონებით უფრო ხარისხიანად და მაღალი სტანდარტით მოვემსახუროთ დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.