თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევის ფერდების კვლევაზე 308 ათას ლარს დახარჯავს
თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევის ფერდების კვლევაზე 308 ათას ლარს დახარჯავს

თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევის ფერდების გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავს, რაზეც 308 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა.

დაინტერესებული კომპანიების განაცხადების მიღება 15-18 სექტემბერს იწარმოებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დღეს ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ, მდინარე ვარაზისხევის ზემო წელის მარჯვენა და მარცხენა ფერდობების განაშენიანება მიმდინარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ ხეობაში (მათ შორის ფერდობებზე) დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური (გეოტექნიკური), ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების ჩატარება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მდინარის ხეობაში კატასტროფული წყალმოვარდნის და ღვარცოფული ნაკადების რისკებიც უნდა შეაფასოს.

სპეციალისტები ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობების გაგრძელებას სახიფათოდ მიიჩნევენ.

ამასთან, მდინარე ვარაზისხევის კალაპოტში უკვე მოეწყო ახალი კოლექტორი. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პროექტის განხორციელებაზე შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა.