თბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს
თბილისის მერია კვების ობიექტებს საკუთრების წინ არსებულ ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტმა რიგი ღონისძიების გატარება პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო.
მათივე ცნობით, თბილისის მერიას ღია კაფის მოწყობასთან დაკავშირებით ამ დროისთვის 200-მდე იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნულ მეიჯარეებზე მოქმედებს შეღავათი, რაც იჯარისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
„ასევე, ნებისმიერ კვების ობიექტს, იქნება ეს კაფე-ბარი თუ რესტორანი, საკუთრების წინ არსებულ მუნიციპალურ ტერიტორიაზე 15 თებერვლიდან სტუმრების მიღება ისევ შეეძლება. ნებადართულია ღია სივრცეში მხოლოდ სკამებისა და მაგიდების განთავსება, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. შეღავათი კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს არ ითვალისწინებს“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ.