თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს
დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობა საკმაოდ ბევრი გვყავს. მათი რაოდენობა 3000-ს აღემატება. უკვე აღვნიშნეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ადამიანები ფართებით დაკმაყოფილდნენ. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს, რომელიც გასული წლის 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერიის საკუთრებაში არსებული ფართების 40 ოჯახისთვის გადაცემის საკითხს განვიხილავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება.
„განვსაზღვრეთ წესი, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები დაკმაყოფილდნენ. გვაქვს სრული სია და ბინების გადანაწილება ამ პრიორიტეტებით მოხდება. დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება.