თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს კვლევებს დაუფინანსებს
თბილისის მერია „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარებს დამატებით კვლევებს დაუფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა“ 2020 წლიდან დაიწყო.
„2022 წლიდან თბილისის მერია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს თავის ტვინის ან/და ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს. დაავადების სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არატრავმული უნარშეზღუდულობის მიზეზი ხდება. მერიის პროგრამის საშუალებით, ჩნდება შესაძლებელი, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები არ მიეჯაჭვონ საწოლს ან ეტლს, არამედ, ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.