თბილისის მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას იწყებს
თბილისის მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით.
„მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან ხშირად ვსაუბრობდი ამაზე. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლება-მოსილება და დავიწყეთ მერიაში მუშაობა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოს, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის. ჩვენმა სამსახურებმა ძალიან ბევრი იმუშავეს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი – მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი აღნიშნულ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს.
„ამ ეტაპზე, საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მეექვსე და მერვე კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე“, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ უკვე შესაძლებელია მოლაპარაკებების დაწყება აღნიშნულ ოჯახებთან.
მისი განმარტებით, იქ მცხოვრებ ოჯახებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის საცხოვრებელი ფართები მიიღონ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე და ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები.
„170 ოჯახზეა საუბარი პირველ ეტაპზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი“, – განაცხადა თბილისის მერმა.