თბილისის მერია ჟიული შარტავას ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად შეიცვლება და ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, ასევე, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარები, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
„ტროტუარზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები სტანდარტების შესაბამისად. საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე გაკეთდება ველობილიკი, რომელიც დაუკავშირდება და შეუერთდება კოსტავას ქუჩას, ასევე პარკინგს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში 3 მლნ 200 ათასი ლარი დაიხარჯება, თავის მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კი, 800 000 ლარამდე თანხას დახარჯავს.
შარტავას ქუჩაზე გარე განათების ბოძებიც შეიცვლება და ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათებები დამონტაჟდება.