თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს
თბილისის მერიასოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, განათლება, განათლების რეფორმა და სტუდენტების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ხვალიდან იწყება პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსებას გულისხმობს.
„მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასი ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე. დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, წლიური 2250 ლარის ოდენობით, ხოლო სემესტრული – 1125 ლარით. მისი რაოდენობა დამოკიდებული იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50,70 ან 100 პროცენტიან დაფინანსებას. სტუდენტების მხარდაჭერა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30 პროცენტიანი, 50 პროცენტიანი ან 70 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური100 პროცენტამდე შეევსება.
დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი; რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და სამოტივაციო წერილი.