თბილისის მერია თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ეტაპობრივად, სექციებად მოხდება, რათა არ მოხდეს ჭავჭავაძის სრული გადაკეტვა.
„თვის ბოლოს ვიწყებთ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. როდესაც გვქონდა კომუნიკაცია და საუბარი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობაზე, ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ, მოხდეს ჩავარდნა, ისეა დაზიანებული.
მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. არის მონაკვეთები, რომელიც არის ჩავარდნილი და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ გვესმის, თუ რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ, სექციებად დავყოთ, რომ მთლიანი გადაკეტვა არ მოხდეს და არ გამოიწვიოს პარალიზება ქალაქში. შესაბამისად, პირველი მონაკვეთი იქნება ვარაზისხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე. ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ზუსტად ეს მონაკვეთი და პირველი რაც გაკეთდება, ეს არის მიწისქვეშა სამუშაოები.
ასევე, ვიწყებთ საფეხმავლო ბილიკებისა და განათებების მთლიანად მოწესრიგებას, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანას და გამწვანებითი სამუშაოებს. გვექნება განახლებული და ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩა“, – განაცხადა კახა კალაძემ.