თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამას აფართოებს
თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა პროგრამას აფართოებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, პროგრამის ბენეფიციართა ლიმიტი 850-დან 1000 ბავშვამდე გაიზრდება და ჩართვა უკვე მოლოდინის რეჟიმში მყოფ ყველა მსურველს შეეძლება.
„თქვენ იცით, რომ დედაქალაქის მთავრობა ამ მიმართულებით წლებია მუშაობს და 850 ბავშვს ვაფინანსებთ, რომელიც გადანაწილებულია შვიდ დაწესებულებაში, რომელიც მომსახურებას უწევს ბავშვებს. როდესაც მე ვიყავი საკრებულოში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა კითხვა, თუ შეიძლება გავზარდოთ ბავშვთა რაოდენობა, ვისაც მოემსახურება მერია, ჩვენ დავსხედით ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაფართოოთ პროგრამა. ჩვენ ვხარჯავდით 3 მილიონ 700 ათას ლარს და დამატებით 445 ათასი გამოიყოფა. ყველა ბავშვი ჩაერთვება პროგრამაში, რომლებიც მომლოდინეთა რიგში იმყოფებიან, თუ არ ვცდები, 139 მომლოდინე გვყავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.