თბილისის მერია 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს
თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს.
სტუმრებს რუსთაველის გამზირზე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ.
არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.
მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX-ი და DJ GREKOFF-ი.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე 13:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება შეფმზარეულების, თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუასა და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები.
17:00-დან 17:40 საათამდე გაიმართება სომელიეს მასტერკლასი – „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები“, რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.