თბილისის მერი ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სხვადასხვა საბავშვო აქტივობა გაიმართა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.
„დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და დედაქალაქის მასშტაბით უამრავი სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართება. ახლა ვაკის პარკში ვიმყოფებით, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. მიხარია, რომ დღეს აქ ძალიან ბევრი ბედნიერი ბავშვი და გახარებული მშობელია, რომლებსაც საზეიმო განწყობა აქვთ, ბავშვები ერთობიან. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პატარებმა და მათმა მშობლებმა ეს სიხარული და ბედნიერი
განწყობა შეინარჩუნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად, ვაკის პარკში იმყოფებოდნენ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები. მრავალფეროვანი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გარდა სხვადასხვა კონცერტისა, ვაკის პარკის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება გასართობი სადგურები, პატარებისთვის გაიმართება წარმოდგენები, მათ შორის დრამერების მსვლელობა, საპნის ბუშტების შოუ, ილუზიონისტის შოუ, ტიტანის რობოტების შოუ, თოჯინების თეატრის სპექტაკლი. საზეიმოდ მოწყობილ სივრცეში, ასევე, განთავსებულია ქიმიური ლაბორატორია, კონტაქტური ზოოპარკი, ზალიკოს ცენტრის კუთხე, ლაბირინთები, სამაგიდო თამაშების კუთხეები. ბავშვების განწყობაზე სხვადასხვა გმირები და მხატვრები ზრუნავენ.
ამასთანავე, პირველ ივნისთან დაკავშირებით, თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიებები იმართება. მათ შორის, პატარებისთვის საზეიმო განწყობის შექმნაზე ზრუნავენ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ, სადაც სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი და სახელოვნებო სკოლების გამოფენა იმართება. თბილისის ზოოპარკში კი, მრავალფეროვანი ღონისძიების პარალელურად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის შინაური ცხოველების გაჩუქების აქციაც ტარდება. რაც შეეხება გამგეობებს, გასართობი ღონისძიებები იმართება: საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის სახელობის პარკში; გლდანის რაიონში, გლდანის პარკში; კრწანისის რაიონში, ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში; ისნის რაიონში, რიყის პარკში; ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის N61-ში; მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ბაღში; სამგორის რაიონში, „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში.