კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის, რომ პანდემიის ფონზე ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრები ვერ ხერხდება
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის, რომ პანდემიის ფონზე ამომრჩევლებთან მასშტაბური შეხვედრები ვერ ხერხდება.
მისი თქმით, ამ მიზეზით რეგიონებში იმაზე პატარა შეხვედრები ეწყობა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
„მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს თანამებრძოლებს, თანაგუნდელებს იმიტომ, რომ პანდემიის გამო არ გვეძლევა შესაძლებლობა, ადამიანებთან შეხვედრები განსხვავებულ ფორმატში წარვმართოთ. ჩვენ ხალხმრავალ შეხვედრებს ვართ მიჩვეული, მაგრამ არსებული პანდემიის გამო ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდა დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ამის ორგანიზება. ამიტომ რეგიონებში ჩვენი შეხვედრები შედარებით პატარაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.