თბილისის მერი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გამაგრების მეორე ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ადგილზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადები ეწყობა.
„აღნიშნული პროექტი გასულ წელს დავიწყეთ. წელს, დაახლოებით, ცხრა მლნ ლარი დაიხარჯება და ამ ფერდის ძალიან დიდი ნაწილი შეფუთული იქნება. პირველი, რაც გაკეთდა – ჩამოიყარა ის ქვები, რომლებიც შეიძლება, საშიში იყოს და პრობლემას წარმოადგენდეს გზის ამ მონაკვეთისთვის, შემდეგ კი ხდება ანკერული მეთოდით შესაბამისი დამცავი ბადეებით შეფუთვა, რათა გადაადგილება უსაფრთხო იყოს. ამ სამუშაოების ფარგლებში, ღამის საათებში კონკრეტული გზის მონაკვეთი იკეტება, რადგან მძიმე ტექნიკა მუშაობს. დღის განმავლობაში კი მოძრაობა ჩვეულ რეჟიმშია შესაძლებელი. ვფიქრობთ, სამუშაოები წლის ბოლოს სრულად დავამთავროთ და ის საფრთხე, რომელიც დაკავშირებული იყო კლდის აღნიშნულ ფერდთან, მოიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.