თბილისის ლოგისტიკურ ცენტრთან დაკავშირებით ინტერესი ხუთმა კომპანიამ გამოხატა
თბილისის ლოგისტიკურ ცენტრთან დაკავშირებით განაცხადი ხუთმა კომპანიამ გააკეთა, ხოლო ქუთაისის ლოგისტიკურ ცენტრთან მიმართებაში სამმა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ 15 ნოემბერს გამოვაცხადეთ კონკურსის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობდა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა მოწვევას. დამოუკიდებლად იყო გამოცხადებული როგორც თბილისზე, ასევე ქუთაისზე. შეგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ დიდი საინვესტიციო პროექტები, საიდანაც ერთი მდებარეობს თბილისთან ახლოს, კუმისის მიმდებარედ და მეორე კი – ქუთაისში. საინვესტიციო მოცულობა, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვაქვს თბილისთან მიმართებაში, არის 95 მილიონი დოლარი, ხოლო ქუთაისთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრის საინვესტიციო მოცულობა 73 მილიონი დოლარია. შესაბამისად, ჯამურად უნდა დასაქმდეს 800-ზე მეტი ადამიანი და ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის ამ ორი ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს იყო პირველი კომისიის სხდომა, სადაც საბუთები გავხსენით და მინდა მოგახსენოთ, რომ თბილისთან მიმართებაში გვაქვს ხუთი კომპანიის დაინტერესება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ქუთაისის ლოგისტიკურ ცენტრთან მიმართებაში განაცხადი შეიტანა სამმა კომპანიამ, რომლებმაც ასევე თბილისის ლოგისტიკურ ცენტრთან მიმართებაში გამოთქვეს ინტერესი.
„ამის შემდეგ მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება. ეს არის კონკურსი. იმ შემთხვევაში თუ კომპანიებს, კონსორციუმებს ექნებათ დასაზუსტებელი დოკუმენტაცია, ჩვენ ამის შესაძლებლობას მივცემთ, ხოლო შემდგომში გადავალთ საინვესტიციო განაცხადის მოთხოვნაზე და საბოლოოდ გამოვავლენთ გამარჯვებულს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.