თბილისის ისტორიის მუზეუმში 5 აპრილს გამოფენა „სა(დ)ზღვარი“ გაიხსნება
თბილისის ისტორიის მუზეუმში 5 აპრილს ორი ხელოვანის, ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრების გამოფენა „სა(დ)ზღვარი“ გაიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
გამოფენა მოიცავს კონცეპტუალური იდეით გაერთიანებული ორი ხელოვანის მიერ შესრულებულ ნამუშევრებს ფერწერაში, სკულპტურასა და გრაფიკაში. ავტორთა სურვილია, უფრო გარკვევით დაინახონ ადამიანებმა საზღვრები, გადაკვეთის წერტილები და განსხვავებები, რაც აერთიანებს მათ შემოქმედებას.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ავტორთა ამოცანად იქცა დაკვირვება იმაზე, სად გადის ზღვარი ყოველდღიურ ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის. მუდმივად მოძრაობს ხელოვანი „ხელოვნების სიგიჟის” ზღვარზე, კვეთს მას ან გარკვეული ინერციით მიჰყვება გზას.
ექსპოზიცია 20 აპრილამდე გაგრძელდება.