ისტორიის მუზეუმი უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
თბილისის ისტორიის მუზეუმი უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
ფრიდონ ნიჟარაძე უშგულში მოღვაწე ტრანსცენდენტალი მხატვარია. იგი უშგულში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ დაბრუნდა და დღემდე იქ მუშაობს.
თავად მხატვარი ამბობს, რომ ბუნება, სამყარო და ადამიანი მისი მთავარი ინსპირაციაა. ხელოვანი მუშაობს ხეზეც და არის არაერთი ლექსის ავტორი.
ფრიდონ ნიჟარაძეს გამოფენა არასოდეს ჰქონია და თბილისის ისტორიის მუზეუმში მისი პირველი გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 40 ფერწერული ნამუშევარი. გამოფენის კურატორია ნატალია კლდიაშვილი.
ფრიდონ ნიჟარაძის პირველი პერსონალური გამოფენა ორ ნოემბერს გაიხსნება და თხუთმეტ ნოემბრამდე გაგრძელდება.