თბილისის ისტორიის მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის N05/05 ბრძანების საფუძველზე, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცვლილება მიზნად ისახავს მუზეუმების საქმიანობის უფრო მაღალ სტანდარტზე გადასვლას.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცვლილების თანახმად, მუზეუმთა ჯგუფს გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის დირექტორი უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა.
„მოცემული ცვლილების ძალაში შესვლამდე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმთან იყო გაერთიანებული.
2022 წლის 3 მარტის ბრძანების თანახმად, დირექტორს დაევალა, მოცემულ პოზიციაზე დანიშვნიდან ოთხი თვის ვადაში, სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და კულტურის მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რათა ნათელი იყოს, როგორი ინფრასტრუქტურა და რა ქონება გადაიბარა მუზეუმთა ჯგუფის ახალმა დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ შტატით გათვალისწინებული და შტატგარეშე მოსამსახურეები, რომლებიც ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული იყვნენ ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალ ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და თბილისის ისტორიის მუზეუმში, მუშაობას გააგრძელებენ იმავე თანამდებობებზე/პოზიციებზე, მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით.
ზემოხსენებული მუზეუმების გაერთიანება და მუზეუმთა ჯგუფად ჩამოყალიბება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში. როგორც ცნობილია, კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო სფეროში ძირეული ინსტიტუციური რეფორმები 2021 წელს დაიწყო. 2021 წლის გაზაფხულზე, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით, ეროვნულ მუზეუმს გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი: 1. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. ქართული სპორტის მუზეუმი; 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი; 4. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს. 5. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.