თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენის ან აშენების მიზნით, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ ინფექციურ კლინიკას თანამედროვე შენობა ჰქონდეს.
„თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე წლებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ვცდილობდით, გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს. რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ინფექციურ კლინიკას გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის მიზნობრიობა იქნება ახალი შენობის აშენება ან შეძენა. ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა გახარიამ.