თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მარნეულს უკავშირდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი მათ ცენტრშია მოთავსებული.
მისივე თქმით, პაციენტი ე.წ. მარნეულის კლასტერიდან არის და კლინიკაში ის უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს.
ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ დღეს ცხრა პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და ყველას შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს.
ეზუგბაიას თქმით, აღებულია კიდევ 10 პაციენტის სინჯი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა.
ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში რჩება ერთი ძალიან მძიმე პაციენტი, ხოლო ექვს აქვს საკმაოდ მძიმე პნევმონია, თუმცა სტაბილურობა შენარჩუნებულია.
„პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ძალიან მძიმე პაციენტი დაგვრჩა მხოლოდ ერთი და დანარჩენი ექვსი არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით. თუ ამ პაციენტებთან დაავადება პროგრესირებას გააგრძელებს, შეიძლება, დამძიმდნენ, მაგრამ იმდენი დღეა, სტაბილიზაცია მიღებული გვაქვს, იმედია, მათთან თანდათან დაიწყება გამოჯანმრთელების პერიოდი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 54 მოქალაქე.
ქვეყანაში კოვიდ19-ს სამი ადამიანი ემსხვერპლა.