თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით ირანიდან ჩამოსული სამი ადამიანია მოთავსებული, რომელთაც კვლევები უტარდებათ
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით ირანიდან ჩამოსული სამი ადამიანია მოთავსებული, რომელთაც კვლევები უტარდებათ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსის შესაძლო ნიშნებით ირანიდან ჩამოსული სამი ადამიანია მოთავსებული და მათ კვლევები უტარდებათ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა, რომლიც ირანში იმყოფებოდა.

„ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში მოთავსებულია სამი პაციენტი. ერთი არის საქართველოს მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი, რომელმაც დატოვა ირანი. ზუსტად ვერ აფიქსირებს თავად, თუმცა სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში. ირანი რაც დატოვა, ორი კვირა არ არის გასული, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ვერ გვაწვდის როდის. ტემპერატურა ამ ეტაპზე მასაც არ აქვს. ჩივილებიც არ აქვს. თითქოს დღეს არ აქვს, მაგრამ მისი თქმით, გუშინ ჰქონდა 38 გრადუსი ტემპერატურა. გუშინდელი ტემპერატურის გამო გახდა საჭირო ამ პაციენტის ჩვენს ცენტრში მოთავსება და კვლევების ჩატარების აუცილებლობა. ამ ეტაპზე ტემპერატურა ნორმალური აქვს, ჩატარებული კვლევებით გრიპი გამოირიცხა, პნევმონია გამოირიცხა. სხვა კლინიკური მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა, აღებულია უკვე კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტი და მისი პასუხი იქნება ხვალ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ასევე მოთავსებულია ირანელი ცოლ-ქმარი.

„ისინი რამდენიმე საათია ჩვენს ცენტრში მოთავსდნენ. ჯერ მათთან ნაწილობრივ არის კვლევები და არ არის დასრულებული. ტემპერატურა 37,3-37,4 ჰქონდათ. ეს პაციენტები არიან ირანელი მოქალაქეები, მაგრამ საქართველოს ბინადრობა აქვთ. რამდენიმე დღის წინ იყვნენ ირანში, იქ ორი თუ სამი დღე დაყვეს და დაბრუნდნენ დღეს. სადახლოს საზღვარზე მათ აღენიშნათ ტემპერატურა. მათთან კვლევები გრძელდება. პნევმონია გამოირიცხა, სხვა კვლევები ჯერჯერობით გრძელდება. ხვალ იქნება აღებული მათთან უკვე ტესტირება ახალ კორონავირუსზე და საბოლოო შედეგებიც ხვალვე იქნება ცნობილი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.