თბილისის ღამის კლუბებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის ღამის კლუბებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც მოსამართლემ გაიზიარა და დაკავებულების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
დაცვის მხარისთვის მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიუღებელია და აღნიშნავენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს.
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, თანხის გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე15 პირს ბრალდება დღეს წარუდგინა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.
აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სხვადასხვა უცხო ქვეყნის 11 მოქალაქის 21 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. ასევე, მათ თანხის გამოძალვის მიზნით, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქის მიმართ მუქარა და ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.