თბილისის რაიონებში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი ურნები განთავსდება
თბილისის ყველა რაიონში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი ურნები დამონტაჟება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების განთავსების პროექტის იდეა მერიამ პლატფორმა – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში მიიღო.
მისი თქმით, აღნიშნულ პლატფორმაზე წარდგენილი იდეებიდან ორის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – თბილისში ცხოველთა კვებისა და პოლიეთილენის შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება.
„ძალიან მიხარია, რომ ასეთი საინტერესო იდეები და პროექტები შემოდის ამ პლატფორმაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ მათ განხორციელებას. კიდევ ერთი საინტერესო იდეა, რომელსაც სიამოვნებით ვაქცევთ რეალობად, ეს არის პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების დაყენება. ეს იდეა თანხვედრაშია ნარჩენების მართვის იმ სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ზოგადად, ქვეყანას აქვს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, აღნიშნულ იდეაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მისი განხორციელება კერძო სექტორთან თანამშრომლობით იგეგმება.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და განხორციელება. გვინდა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს, გადაამუშაოს ბოთლები, თბილისის მასშტაბით ყველა რაიონში ეტაპობრივად უზრუნველვყოთ ამ კატეგორიის ნარჩენების შემგროვებელი ურნების დამონტაჟება. ვფიქრობ, მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში წლის განმავლობაში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი სპეციალური აპარატები განთავსდება.