გიორგი ტყემალაძე - თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება #1TVSPORT
თბილისში ქართული და მსოფლიო სპორტის ლეგენდის, ვიქტორ სანეევის სახელობის ქუჩა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.
„ვიქტორ სანეევი იყო უდიდესი სპორტსმენი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელი ღირსეულად წარმოაჩინა. ჩვენ ვალდებულები ვართ, მის ხსოვნას შესაფერისი პატივი მივაგოთ და გადაწყდა, რომ თბილისში ვიქტორ სანეევის სახელობის ქუჩა გაიხსნება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ტყემალაძემ.
ლეგენდარულ ათლეტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს, ვიქტორ სანეევს ხუთშაბათს, 13 იანვარს თბილისის დროით 04:55 საათზე სიდნეიში დაკრძალავენ.
ამასთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, ოლიმპიურ მუზეუმში მოეწყო სპეციალური ადგილი, გაიხსნა სამძიმრის წიგნი, სადაც ჩანაწერები გააკეთეს და თანაგრძნობა გამოუცხადეს ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.