თბილისის „დინამომ“ „სპარტაკი“ დაამარცხა და დარასელიას თასის ფინალშია
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის ორივე ფინალისტი ცნობილია – ნახევარფინალში თბილისის „დინამოს“ 15-წლამდელებმა ამ ასაკის რუსეთის ჩემპიონი მოსკოვის „სპარტაკი“ დაამარცხეს და მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ.
შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მას 3 ათასამდე მაყურებელი დაესწრო, უფრო მეტი, ვიდრე ბოლო ტურში ეროვნული ლიგის ლიდერთა დაპირისპირებას. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც პატარა ქართველებმა უნაკლოდ შეასრულეს, მოსკოველებმა კი ორი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს. გადამწყვეტი დარტყმა ლუკა გაგნიძემ შეასრულა, „დინამომ“ 4:2 მოიგო და ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ „დინამოსა“ და „სპარტაკს“ ერთმანეთთან 23 წელია, ბავშვების დონეზეც არ უთამაშიათ.
მეორე ფინალისტი „ესპანიოლია“ – კატალონიელები მინსკის „დინამოსთან“ უპირატესობას ფლობდნენ და დიდი ანგარიშით დაამარცხეს 3:0. „დინამოსა“ და „ესპანიოლის“ ფინალი 17:00 საათზე „დინამო-არენაზე“ გაიმართება.
დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა – კიევის „დინამომ“ არნემის „ვიტესი“ 4:2 დაამარცხა და მეხუთე ადგილისთვის „ჯენოას“ შეხვდება, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას 2:0 მოუგო. მეშვიდე-მერვე ადგილს კი „ვიტესი“ და სფფ-ს აკადემია გაინაწილებენ.
აღსანიშნავია, რომ ვიტალი დარასელიას ტურნირში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები საპატრიარქოს ესტუმრნენ. „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კი პატრიარქს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.