თბილისის ცენტრალური საავადმყოფო თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.
ეს ფაქტი სავსებით არ შეესაბამება რეალობას, ჩვენი კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მათი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენი სამედიცინო გუნდის ჩართულობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ეს იყო ზუსტად ის, რისთვისაც პაციენტმა მიმართა საავადმყოფოსა და ასევე იტალიელ სპეციალისტებს.
მოცემულ შემთხვევაშიც დასტურდება იტალიელი ექიმების ჩართულობა. კერძოდ, პაციენტ ნ.ც-ს, სიმსივნური წარმონაქმნის აბლაციის მიზნით, ქართველ-იტალიელ ექიმთა ჯგუფის მიერ წარმატებული ოპერაცია, პირველად ჩაუტარდა 2018 წლის 18 სექტემბერს. ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი.მოცემული ოპერაციის დადებით შედეგებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტს მნიშვნელოვნად მოეხსნა პათოლოგიით გამოწვეული ჩივილები.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი, იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია. ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად, იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაში წერია, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგ ყიფიანი გახლავთ ცნობილი, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ექიმი, ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა. აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვეციულ-რადიოლოგიურ ჩარევას, ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი.
პროკურატურის განცხადებით ოპერაციის დროს დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა „დაიხმარა“ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. პირველ რიგში, ტერმინი „დაიხმარა“ არის მცდარი და არ შეესაბამება სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას. მაგდა ხოჭოლავა წარმოადგენს ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომელიც პაციენტის საოპერაციო დარბაზში შეყვანის შემდგომ უზრუნველყოფს პაციენტის დაძინებას (ანესთეზიას) და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოპერაცია. ეს არ არის დახმარება ორ ექიმს შორის, ეს არის დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი“, – აღნიშნულია განცხადებაში .
განცხადების თანახმად, მაგდა ხოჭოლავა არის მოქმედი ანესთეზიოლოგი, რომელსაც გააჩნია, იტალიაში შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია, რომელიც ადასტურებს, მის კომპეტენციებს.
„ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, იტალია შესულია იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით, მის მფლობელს აქვს უფლება, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. მაგდა ხოჭოლავას კომპეტენციაზე მეტყველებს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში (შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე), ასევე ქვეყნის გარეთ, კერძოდ, იტალიაში.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მაგდა ხოჭოლავა თავს არიდებს გამოძიებასთან ურთიერთობას და მან, სპეციალურად ამ მიზნით დატოვა ქვეყანა, რეალურად მაგდა ხოჭოლავა ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში, სადაც დღემდე ეწევა აქტიურ სამედიცინო საქმიანობას, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. აღნიშნული დეტალი, სრულებით ცვლის პროკურატურის მიერ დაყენებულ ბრალდებებს არალიცენზირებული საქმიანობის გაწევასა და ქვეყნიდან „გაქცევის“ თაობაზე.
ასევე, აბსურდულად მიგვაჩნია, პროკურატურის განცხადება, რომ კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძე ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა და დაუდევრად მოეკიდა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პაციენტის სრული სამედიცინო პროცედურების დაცვით ჩაუტარდა და დღემდე უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცედურა და ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ამ ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა სრული კომუნიკაცია პაციენტის კანონიერ წარმომადგენელთან.
აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ გამოძიება მიმდინარეობდა თითქმის 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში, საქმესთან ყველა დაკავშირებული პირი, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებსთან, სამედიცინო დაწესებულების ინტერესში შედის, სასამართლოს გზით დადგინდეს სრული ჭეშმარიტება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მიუღებლად მიგვაჩნია ამ მოცემულობაში ექიმების მოულოდნელი დაკავება და მთელი რიგი უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება.
იმედი გვაქვს ჩვენი გუნდის წევრები ძალიან მალე გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.