თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სატრანსპორტო მოძრაობა უკვე სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ. კერძოდ:
– ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით;
– დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ;
– ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით;
– მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები მობრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.
დღეს, 11:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება:
– რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით;
– რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე;
– თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე (ბარათაშვილის ხიდამდე), ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე – გიორგი ლეონიძის, შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებზე. ისნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი სვლას გააგრძელებს ორივე სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსის გავლით;
– ევროპის მოედანზე, შესაბამისად, დაიკეტება მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანზე გამავალი ყველა ქუჩა, მათ შორის მეტეხის ქუჩა, ღვინის აღმართი და დუტუ მეგრელის ქუჩა;
– ორბელიანის მოედანსა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ელბაქიძის დაღმართამდე.
მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე.
ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.
სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.
„მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება ღონისძიების დასრულებისთანავე“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.