თბილისის ბაღებში პირველი ეტაპის რეგისტრაცია დღეს დაიწყება
თბილისის ბაღებში პირველი ეტაპის რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.

წელს პირველად, სარეგისტრაციო ფორმა უშუალო რეგისტრაციის დაწყებამდე არ გააქტიურდება და ის საიტზე ზუსტად 12 საათზე გამოჩნდება. სიახლეა ისიც, რომ რეგისტრაციის პერიოდში არ იმუშავებს „კოპი-პეისტის“ ფუნქცია.

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, ამით ყველა მსურველს თანაბარ პირობებში ჩააყენებენ.

რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება. დღეს რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი  (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები), ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს არ მიეკუთვნება. წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 15 ათასამდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.