თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - ვირუსების გავრცელების ფონზე, აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა
სეზონური ვირუსების გავრცელების ფონზე, თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.
„სადღესასწაულო პერიოდისა და სეზონური ვირუსების გავრცელების ფონზე, აღსაზრდელთა დასწრება ბაღებში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ორი დღის მონაცემებით, ბავშვთა დასწრების საშუალო მაჩვენებელი 50%-ია, რაც ამ პერიოდისთვის დამაკმაყოფილებელი მონაცემია.
ბაგა-ბაღები, ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი გაიდლაინებით სარგებლობენ.
„ყველა ბაღში მუშაობს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კოორდინატორი, რომლის მოვალეობაში შედის აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი; ვირუსული ინფექციების სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში აღსაზრდელი არ დაიშვება საბავშვო ბაღში.
პრევენციის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ასევე სააღმზრდელო ჯგუფების განიავება და ზედაპირებისა და ინვენტარის დასუფთავება სველი წესით.
გარდა ამისა, სააღმზრდელო მეთოდოლოგია ითვალისწინებს აღსაზრდელებისათვის ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებას (ხელების დაბანა, დახველება-დაცემინებისას მოქცევის წესი და ა.შ.). აღნიშნულ კომპლექსურ მიდგომებთან ერთად, მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა ბავშვების ჯანმრთელობის კონტროლის რუტინაში“, – აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრიდან განახლდა.