თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
თბილისის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტის კონცეფციის შექმნაზე, ტენდერის საფუძველზე, ესტონურმა კომპანიამ იმუშავა.
მისივე თქმით, პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები.
„პროექტის კონცეფციის შექმნაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი და ესტონურმა კომპანია „კოკომ“ გაიმარჯვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამგვარ პროექტებზე მუშაობის. ზოგადად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია წარმოდგენილი რეკომენდაციები. ეს პროექტი ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში ვსაუბრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არსებული სატელევიზიო ანძის ამ მიმართულებით გამოყენება. ყველა დიდ ქალაქში, სადაც არსებობს ასეთი პროექტები, ძალიან მაღალ დონეზეა ყველაფერი გაკეთებული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თბილისშიც გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არსებული პანდემიაა მიზეზი, რის გამოც პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.
„ძალიან ბევრ პროექტებზე მოგვიწია უარის თქმა და ეკონომიკური აქტივობების შემცირება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა პროექტი განხორციელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ კონკრეტულ ინტერესთა გამოხატვით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვაცხადებთ, რადგან ეს ქონება ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროზე დაქვემდებარებულ იურიდიულ პირს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის განხორციელდება, ძალიან კარგი პროექტი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ჩამოსული სტუმრებისთვისაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პირველ ეტაპზე, ექვსი თვის განმავლობაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება. აღნიშნული კვლევის შედეგად წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება.