თბილისის აეროპორტში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ძებნილი ზაზა ბაქრაძე დააკავეს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ზაზა ბაქრაძე, რომელსაც ბრალი ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება, ძებნილი იყო. ის თბილისში კიევიდან ჩამოვიდა და როგორც ძებნილი ბრალდებული, აეროპორტშივე დააკავეს.
ზაზა ბაქრაძემ პირველ არხთან „სკაიპით“ ინტერვიუში 16 თებერვალს განაცხადა, წარდგენილ ბრალს ხუთი წლის შემდეგ სრულად ეთანხმება და, რომ რობაქიძის მკვლელობის ადგილი თავად დაათვალიერა და იქ იარაღი არ ყოფილა. ამასთან, ბაქრაძე თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს ზურაბ მიქაძესა და შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც მან პირველ არხთან განაცხადა, შემთხვევის ადგილზე იარაღი საკუთარი სამსახურებრივი ავტომობილით, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოდან, თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლემ ბაქრაძის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადება საქმეს დაურთო, თუმცა განაცხადა, რომ ის ჩვენებად ვერ ჩაითვლება, ამისთვის საჭიროა, ბაქრაძე ან დისტანციურად დაიკითხოს, ან თავად გამოცხადდეს სასამართლოში.