თბილისის 63 ბაგა-ბაღში თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება
თბილისში მდებარე 63 საჯარო ბაგა-ბაღში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, თითოეულ ობიექტზე მიმდინარეობს ელექტროქსელების გაყვანა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟი. აღრიცხულია ის 20-მდე ბაგა-ბაღიც, სადაც ცეცხლმაქრების კომპლექტები დაემატება.
თბილისის მერიის ცნობით, სახანძრო სისტემების მთავარი მახასიათებელია სამისამართო სიგნალიზაცია, რაც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, ხანძრის შემთხვევაში, მართვის პულტის მეშვეობით, მყისიერად დააფიქსიროს განგაშის ადგილმდებარეობა და უმოკლეს დროში მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია.
თანამედროვე სტანდარტის სახანძრო სისტემა უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში. პროექტი გასულ წელს განხორციელდა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელ+“ აწარმოებს. პროექტის დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.