თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტი საერთაშორისო პროგრამის „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტი საერთაშორისო პროგრამის „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საერთაშორისო პროგრამის „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში (PASCH) მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული პროექტი „ეკო-ტურიზმი“, რომელიც თბილისის 21-ე საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელს ჰომბურგის ზაარპლაცის გიმნაზიასთან ერთად შეიმუშავა, სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობას მოიცავდა. მათ შორის, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ორივე ქვეყნის ფლორა-ფაუნა და მონაწილეობა მიიღეს ვორკშოფებში, ტურისტული ბილიკების მარკირებისა და ჰერბარიუმების შექმნის პროცესში. ჩართულმა მხარეებმა პროექტის საბოლოო შედეგებზე პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებიც პროექტის დასასრულს PASCH-ის ჟიურის წევრებს წარუდგინეს.

პარტნიორულ პროექტში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და დირექტორთან ერთად ზაარპლაცის გიმნაზიის დირექტორი იორგერ მათიო, პროგრამის კოორდინატორი სიმონე ლუკასი და ბიოლოგიის მასწავლებელი რალფ დოლგასტი მონაწილეობდნენ.

„2020-2021 სასწავლო წელს, პანდემიის პირობებში, ინიციატივა „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ განსხვავებულ თემატიკაზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, ონლაინრეჟიმში კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

PASCH-ის პროგრამა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის თებერვალში დაიწყო და ის, სკოლებს შორის მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნისა და ახალგაზრდებში გერმანული ენის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, მსოფლიო მასშტაბით 2000 სკოლას აერთიანებს. ინიციატივას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო მისი განხორციელება უცხოეთის სასკოლო სისტემების ცენტრალურ სააგენტოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურისა და კულტურის მინისტრთა კონფერენციის (კმკ) პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის ხელშეწყობით ხდება.

სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა PASCH-ის პროგრამაში უკვე რამდენიმე წელია, მონაწილეობს და ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს სკოლების ჩამონათვალში. 2017 წელს თბილისის 21-ე საჯარო სკოლა მოხვდა ლიდერთა სამეულში და მიწვეული იყო შვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაზე“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.