„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ხელშეწყობით, 24-27 ივნისს მწერალთა სახლში გერმანულენოვანი ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
მწერალთა სახლში, 24-27 ივნისს, გერმანულენოვანი ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი სახელწოდებით „საქართველოს პირველი რესპუბლიკა-1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“ ბერლინის ლიტერატურის სახლის, Lettrétage-სთან თანამშრომლობითა და „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ხელშეწყობით გაიმართება.
„ფესტივალი ეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში მიმდინარე ლიტერატურულ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებს, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, 1921 წლის რუსული ოკუპაციიდან, 100 და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან 30 წლისთავს.
ფესტივალის დისკუსიების მთავარი თემა იქნება სტალინური რეპრესიების მემკვიდრეობა, საბჭოთა ეპოქა, ცენზურა, ბოლო 30 წლის კულტურული პროცესები, ორსაუკუნოვანი ქართულ-გერმანული ურთიერთობები, სოციალიზმი ლიტერატურასა და პოლიტიკაში, ქართული ავანგარდი და გერმანიაში გამოცემული ახალი თარგმანები.
პროგრამაში მონაწილეობენ ქართველი და გერმანელი მწერლები, გამომცემლები, მხატვრები, მსახიობები, მუსიკოსები, ლიტერატურის კრიტიკოსები, მეცნიერები, ჟურნალისტები და შეფმზარეულები.
მწერალთა სახლი ფესტივალით პატივს მიაგებს და გაიხსენებს ბოლო დროს გარდაცვლილ გივი მარგველაშვილს, გურამ დოჩანაშვილსა და ზურაბ რთველიაშვილს. ონლაინფესტივალის ფარგლებში, გერმანულენოვანი მკითხველისთვის, 20 ღონისძიება გაიმართება, რომელთა მონაწილეებიც არიან: აკა მორჩილაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, აბო იაშაღაშვილი, სალომე ბენიძე, ნაირა გელაშვილი. ასევე, გერმანიაში მოღვაწე მსახიობი მერაბ ნინიძე და მუსიკოსი გიორგი კიკნაძე.
ქართველ მონაწილეებს მოდერაციას გაუწევენ წამყვანი გერმანული მედიაგამოცემების ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი (FAZ), დორის აკრაპი (taz), კორნელია ცეჩე (Beyerischer Rundfunk) და ა.შ. პროგრამის სპეციალური სტუმარია ცნობილი გერმანელი მსახიობი, ულრიხ ნოეთენი.
ფესტივალი მიმდინარე წლის თებერვალში, მწერალთა სახლისა და British Library-ს მიერ ჩატარებულ ფესტივალ Georgia’s Fantastic Tavern-ის ერთგვარი გაგრძელებაა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: კონრად ადენაუერის ფონდი, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ღონისძიებების ცოცხალი ტრანსლაცია განხორციელდება Lettrétage-ის ონლაინ პლატფორმებზე“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.