„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ეროვნულ ბიბლიოთეკას, კოტე და სოსო წერეთლების მუზეუმს წეროვანის სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, თბილისის მუზეუმების გაერთიანებასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისს სოფელ წეროვანის სკოლების მე-10-12 კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ.
„გვინდოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მათთან ერთად აღგვენიშნა, ვინც განსაკუთრებით კარგად იცის თავისუფლებისა და მშვიდობიანი ცხოვრების ფასი. ამჯერად, სოფელს წეროვანის სკოლების მოსწავლეებს ვმასპინძლობთ, თუმცა, მომავალში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აქტივობებს საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეებისთვის განვახორციელებთ“, – აცხადებს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს დამოუკიდებლობის დარბაზი და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში გამოცემული პრესა და წიგნები, იმ პერიოდში გამოქვეყნებული სამხედრო ბრძანებები, საგარეო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები და ფოტომასალა. მოსწავლეები, ასევე, ესტუმრნენ წიგნის მუზეუმს.
ღონისძიების მეორე ნაწილი კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართა. მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი აღმოსავლეთმცოდნისა და საქართველოში ებრაისტიკა-არამეისტიკის ფუძემდებელ კოტე წერეთლისა და „თვითმფრინავის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, მხატვარ სოსო წერეთლის შემოქმედებით და ბიოგრაფიულ დეტალებს.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სახელით, ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს გადაეცა სიმბოლური საჩუქრები და ინგლისურენოვანი წიგნები კომპანია „English books“-ისგან.
თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.