„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს კონკურსს მთარგმნელების სტიპენდიის მოსაპოვებლად
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ აცხადებს კონკურსს მთარგმნელების სტიპენდიის მოსაპოვებლად. ორგანიზატორების ცნობით, კონკურსის მიზანია, მოამზადოს მთარგმნელები ქართულ ენაზე ნაკლებად თარგმნილი ენებიდან.
„მთარგმნელები, მწერლები და გამომცემლები – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნეა. წლის განმავლობაში, მათთვის არაერთი პროექტია გათვალისწინებული, რაც სამწერლო-საგამომცემლო სფეროს გააქტიურებასა და განახლებას განაპირობებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ჩვენ მიერ გამოცხადებული კონკურსიც, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ მკითხველისთვისაც საუკეთესო შედეგს მოგვიტანს“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, ელექტრონულ მისამართზე [email protected], 16 ივნისის ჩათვლით, უნდა წარადგინონ სამოტივაციო წერილი, მოკლე ბიოგრაფია და ნებისმიერი ენიდან შესრულებული დაურედაქტირებელი თარგმანის ნიმუში (10-15 გვერდი), რომელსაც შეაფასებს სარედაქციო კომისია. გადარჩეული განაცხადებიდან, გამარჯვებულებს გამოავლენს კონკურსის ჟიური. ასევე, კონკურსანტებმა უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ სურთ შერჩეული ენის შესწავლა. მათ სამოტივაციო წერილში უნდა ჩანდეს ამ ენაზე არსებული ლიტერატურის დაახლოებითი ცოდნა, რაც პოტენციურ გამომცემელთან სამომავლო თანამშრომლობასაც გაუმარტივებს. კონკურსში მონაწილეობისთვის პრიორიტეტული ენებია: იაპონური, პორტუგალიური, უნგრული, შვედური, ჩინური, ფინური, ესპანური, იტალიური, კორეული და არაბული. ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება 30 ივნისამდე, ხოლო სასტიპენდიო განისაზღვრება 10 თვით და აითვლება 2021 წლის ივლისიდან. მონაწილეებმა კალენდარული წლის ბოლოს, არა უგვიანეს 20 დეკემბრისა, უნდა წარმოადგინონ ამ დროისთვის მათი ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტები.
თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.