თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას აგრძელებს.
მოცემულ ეტაპზე, კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება. კახეთის მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გზის პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს. გზის ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ორი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია (სხვადასხვა ლოტზე) შეასრულებს.
სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 24-30 თვეა. სრულად თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი სამ ლოტად არის დაყოფილი. ამ მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს.
ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.