თბილისი საერთაშორისო კონფერენციას - „ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ მასპინძლობს
თბილისი საერთაშორისო კონფერენციას - „ყოვლისმომცველი მიდგომა დანაშაულის პრევენციისთვის“ მასპინძლობს

იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომლის მიზანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროებში, დარგის სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, არსებული მომსახურებების და რესურსების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, სიმბოლურად დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს დღეს, 25 ივლისს გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველო, ერთი მხრივ, პარტნიორ ქვეყნებს გამოცდილებას უზიარებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სფეროში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და ისეთი სერვისების შესახებ, როგორებიცაა: ქართული ინოვაცია PROBBOX-ი, „ციფრული უნივერსიტეტი“; დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებლებისათვის და სხვა; მეორე მხრივ კი, ქართული მხარე ეცნობა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას, რაც საზოგადოების უსაფრთხოებას ემსახურება.

კონფერენცია იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეებმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილმა.

საქართველოს პრობაციის სისტემის შესახებ მომზადებული კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინეს ევროპული კონფედერაციის ელჩმა, სტივ პიტსმა და ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ლეო ტიგესმა. მკვლევრების მოსაზრებით, „პრობაციის სისტემა და მისი საქმიანობა საქართველოში მძლავრადაა განვითარებული და ეს პროცესი ბოლო წლებში დაჩქარდა“.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარი ქვეყნების გამოცდილებას დანაშაულის პრევენციის მიმართულებით; იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პრობაციის სისტემები ევროპულ ქვეყნებში და მათი შესაძლებლობების განვითარება; სახელმწიფო ინსტიტუციების, საზოგადოების, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობა დანაშაულის პრევენციის პროცესში; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობები.

კონფერენციაში მონაწილეობენ რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე როქსანა სიმონა მომეუ, ჩეხეთის რესპუბლიკის პრობაციისა და მედიაციის სამსახურის გენერალური დირექტორი, პრობაციის ევროპული კონფედერაციის საბჭოს წევრი ანდრეა მატუშკოვა; ხორვატიის, ნიდერლანდების, აზერბაიჯანის პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელები.