თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მიმდინარეობს. საქართველო აღნიშნულ ფორუმს პირველად მასპინძლობს.
ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთი ალექსიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კარენ ბუტო.
ფორუმის ფარგლებში დღეს პრეზენტაციებს გამართავენ „ფლაი დუბაის“, „ტრანსავია ეარლაინის“, „ნორდიკა ეარლაინისა“ და სხვა ავიაკომპანიების ხელმძღვანელები. დაგეგმილია პანელი, რომელშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მონაწილეობს. დელეგატებისთვის გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია.
საქართველოს მთავრობამ რვა თვის წინ გადაწყვიტა CONNECT 2018-ის შერჩევის პროცესში მიეღო მონაწილეობა და საქართველო რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი გამხდარიყო.
მასშტაბური,საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
ფორუმში მონაწილეობენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორებიცაა: Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.
ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით.